მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში მცხოვრებ ახალგაზრდა კაცს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს მამათა მონასტრის სასულიერო პირმა განუცხადა.
როგორ მამა ლაზარემ აღნიშნა, ახალგაზრდა კაცის პასუხი კოვიდ-19-ზე უკვე ცნობილია და ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. როგორც ცნობილია ახალგაზრდა კაცი თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან ისევ მამათა მონასტერში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ მარტყოფის მამათა მონასტერში 26 აპრილამდე კარანტინის რეჟიმია გამოცხადებული. გადაწყვეტილება მონასტერში სტუმრად მისულ ერთ-ერთ მომლოცველ ქალს უკავშირდება, რომელსაც შემდგომში კოვიდ-19 დაუდასტურდა. მამა ლაზარეს ცნობით, ქალმა აღსარება მონასტრის წინამძღვარ მამა ბენიამინს ჩააბარა, რის გამოც მამათა მონასტერში მოღვაწე 5 სასულიერო პირი თვითიზოლაციაში გადავიდა.
აღსანიშნავია, რომ მარტყოფის მამათა მონასტერში სასულიერო პირები სამედიცინო შემოწმებას ითხოვენ. მათი ცნობით ამ დრომდე სამედიცინო შემოწმება და ტესტი არ ჩატარებია არც მონასტრის წინამძღვარს, რომელმაც კოვიდინფიცირებული ქალბატონისგან აღსარება ჩაიბარა.