COVID19-ის ახალი შემთხვევებიდან ერთი ბოლნისს,სამი კი მარნეულს უკავშირდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დღეს დილით, ლაბორატორიიდან მიღებულმა კვლევის შედეგებმა დაადასტურა. 

ბოლნისის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა მამარდაშვილის ინფორმაციით, ახალი შემთხვევა სოფელ სავანეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის მჭიდრო კონტაქტია.

მისივე ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, ბოლნისში ათი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. რაც შეეხება ახალ შემთხვევას, როგორც ცნობილი ხდება, ინფიცირებული პირი  მარნეულის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა,რადგან ის სავანეთში დადასტურებული შემთხვევის მჭიდრო კონტაქტი იყო.

რაც შეეხება მარნეულში გამოვლენილ ახალ სამ შემთხვევას, COVID19-ით ინფიცირებული პირები, სოფელ მარადისის კლასტერს მიეკუთვნებიან და ისინი ორი დღის წინ ინფიცირებული  პირის  ოჯახის წევრები არიან.