ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა.კანონპროექტი პენსიის ინდექსაციას გულისხმობს.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოში 2020 წლის აპრილის მდგომარეობით 770.3 ათასი ასაკით პენსიონერია, რომელთა პენსიაც 220 ლარს შეადგენს და 2020 წლის ივლისიდან 70 წლის ასაკის ზემოთ პენსიონერებისათვის დაგეგმილია დამატებით 30 ლარიანი ზრდა. სამინისტროს ცნობით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები დამატებით იღებენ პენსიაზე დანამატს (20%).
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, 2020 წელს მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული სახსრები 2.3 მლრდ ლარს აღწევს.
აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, პენსია ყოველწლიურად გაიზრდება, თუმცა ოდენობა განსხვავებული იქნება 70 წლამდე და 70 წელს ზემოთ მყოფი ასაკის პენსიონერებისთვის.
„ყველა პენსიონერი ყოველწლიურად მიიღებს პენსიის ზრდას წელიწადში მინიმუმ 20 ლარის ოდენობით 70 წლამდე მოსახლეობისათვის, ხოლო მინიმუმ 25 ლარით 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის. გასათვალისწინებელია, რომ მიზნობრივი ინფლაცია 3%-ის ფარგლებშია, ხოლო პენსია მინიმუმ 20 ლარით გაიზრდება პენსიონერებისათვის ყოველწლიურად,“– ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.