თენგიზ ცერცვაძე – შეზღუდვების მოხსნას ნუ განვიხილავთ, როგორც ყველაფრის უფლებას

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საფრანგეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში სიკვდილობა 19,5 პროცენტია, გერმანიაში, რომელიც ეტალონად ითვლება, 4,5 პროცენტი, ხოლო საქართველოში 1,5 პროცენტი.

„საფრანგეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში სიკვდილობა 19,5 პროცენტია. იცით, ეს რას ნიშნავს?! იმას, რომ დადასტურებული შემთხვევებიდან ყოველი მეხუთე კვდება. ახლა ჩნდებიან სოფისტიკური მტკიცებულებების მომხრეები, რომლებიც ამბობენ, რომ ინფიცირებულთა რეალური ციფრი შეიძლება, ბევრად მეტი იყო და სიკვდილობის ის 19 პროცენტი რეალური არ არის და სინამდვილეში ნაკლებია. კი, ბატონო, შესაძლოა, ინფიცირებულების რეალური რიცხვი მეტია, მაგრამ საერთოდ, სიკვდილობა ყველა დაავადებაში დადასტურებული შემთხვევებიდან ითვლება…

ჩვენს ოპონენტებს ძალიან ხშირად მოჰყავთ მაგალითად გერმანია, რომ აი, ნახეთ, გერმანიაში რა ხდებაო. რა თქმა უნდა, დიდი ქვეყანაა გერმანია, ევროპის მოწინავე ქვეყანა, მაგრამ შეადარეთ, რა ხდება. მათ 100 000-ზე მეტი ინფიცირებული ჰყავთ და 23 000-ზე მეტი გარდაცვლილი. თუ პროცენტულად გინდათ, დაითვალოთ, სიკვდილობა იქაც კი 4.5 პროცენტი აქვთ. მიაქციეთ ყურადღება – ეს ხდება გერმანიაში, ევროპაში ყველაზე უკეთესი მაჩვენებლის მქონე და ყველაზე ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყანაში. გერმანიაში სიკვდილობა 4,5 პროცენტია, საქართველოში – 1,5 პროცენტი. თუ ავიღებთ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილს, განსხვავება გაცილებით დიდია. გერმანიაში გაცილებით მეტი გარდაცვლილია, ვიდრე საქართველოში“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, შეზღუდვების მოსახლეობამ არ უნდა განიხილოს, როგორც ყველაფრის უფლება, საქმიანობა როგორმე იმ წესებით უნდა გაგრძელდეს, რომელიც შეზღუდვების პერიოდში არსებობდა.

“მე ვთხოვდი ყველა მოქალაქეს, შეზღუდვების მოხსნას ნუ განვიხილავთ, როგორც ყველაფრის უფლებას. ანუ, იძულებითი ზომების ნაწილი მოიხსნა და ეტაპობრივად კიდევ მოიხსნება, მაგრამ ჩვენი საქმიანობა როგორმე, ისე უნდა გავაგრძელოთ, რაც ამ შეზღუდვების პერიოდში ვისწავლეთ”,-აღნიშნა ცერცვაძემ.