ირაკლი ტაბაღუა – კოვიდინფიცირებული სტუდენტის კონტაქტების გამოკვლევა მიმდინარეობს

უკვე გამოვლენილია კოვიდინფიცირებული სტუდენტის 6 მჭიდრო კონტაქტი. ესენი არიან ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრები და ამ დროისთვის დანარჩენი კონტაქტების ძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა. 

რუსთავის მერის განცხადებით, კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ახალგაზრდა მამაკაცთან  კონტაქტში მყოფ პირებს ტესტებს რუსთავის ცხელების ცენტრის სპეციალისტები ჩაუტარებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. 

ამ დრომდე უცნობია ახალგაზრდა მამაკაცის დაინფიცირების წყარო.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დღეს დილის საათებში დაუდასტურდა.  როგორც ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ TV4-ს განუცხადა,  ახალგაზრდა   ცხელების ცენტრში მსუბუქი სისუსტისა და ტემპერატურის სიმპტომებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა გადაიყვანა.