ახალი გადაწყვეტილება – რომელ საათებში შეიძლება ველოსიპედით რუსთავის პარკში გადაადგილება?!

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ველოსიპედებით მოქალაქეებს გადაადგილება რამდენიმე დღის წინ 19:00 საათიდან აიკრძალა, რასაც ველომოყვარულების პროტესტი მოჰყვა. ასოციაცია “რუსთავველოს” წარმომადგენლებს, ველომოყვარულებსა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს შორის შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ 8 ივნისიდან ველოსიპედებით გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვა დარჩება მხოლოდ 19:00-დან 22:00 სთ-მდე.

ანუ, როგორც “რუსთავსერვის ცენტრში” აცხადებენ 8 ივნისიდან, 06:00-დან 19:00-მდე და 22:00 სთ-დან 01:00 საათამდე ველომოყვარულები შეუზღუდავად შეძლებენ პარკში ველოსიპედით გადაადგილებას.

“გილოცავთ! სამოქალაქო ჩართულობას აქვს აზრი! ასოციაცია “რუსთავველო“-ს, რუსთაველი აქტივისტებისა და ველომოყვარულების პროტესტს შედეგი მოჰყვა. საპროტესტო აქტივობების შემდეგ, ასოციაცია “რუსთავველოს” წარმომადგენლებსა და სხვა ველომოყვარულებს ქალაქის მერი და მისი თანამშრომლები შეხვდნენ 5 ივნისს.

ქალაქის მერიაში გაითვალისწინეს საზოგადოებრივი აზრი და 8 ივნისიდან შეზღუდვა დარჩება მხოლოდ 19:00-დან 22:00 სთ-მდე. ანუ, 19:00-მდე და 22:00 სთ-ის შემდეგ ველომოყვარულები შეძლებენ შეუზღუდავად სიარულს. ხოლო ველოსპორცმენები მათთვის გამოყოფილ ადგილამდე მივლენ ფეხით და შეუზღუდავად ისარგებლებენ პარკის გამოყოფილი სივრცით.

როგორც მერიაში დაგვპირდნენ 30-40 დღეში შეიძენენ დამხაზველ მანქანას, რის შემდეგაც სპეციალური ველო ზოლი გამოიყოფა და შეზღუდვაც მოიხსნება,” – ნათქვამია ასოციაცია “რუსთავველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში 19:00 საათიდან ველოსიპედით გადაადგილება 1-ლ ივნისს აიკრძალა. როგორც “რუსთავსერვის ცენტრში” განაცხადეს, რუსთავის პარკში საღამოს საათებში, მოქალაქეების ნაკადის მატების გამო, ველოსიპედით გადაადგილება საფრთხის შემცველია. შესაბამისად, რუსთავის მერიის “სერვისცენტრმა” საღამოს საათებში ველოსიპედებით პარკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდა.