ამერიკელი ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ახალ ტალღას ელოდებიან

ამერიკელი ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექცია ისევ აქტიურად ვრცელდება და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლებამ უნდა მიმართოს საჭირო ზომებს ახალი ეპიდაფეთქების შესაჩერებლად.

პანდემიის გამო თეთრი სახლის მიერ შექმნილი სპეციალური ჯგუფის ექსპერტებს 23 ივნისს მოუსმინეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკის და ვაჭრობის კომიტეტში.

ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ვითარება სამხრეთ და დასავლეთ შტატებში, მათ შორის ტეხასში, ფლორიდასა და არიზონაში, რადგან ერთ დღეში 30 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება ამერიკის შტატების ნახევარზე მეტში. მიუხედავად ამისა, შტატების დიდი ნაწილი ჯერჯერობით არ აპირებს გაუქმებული შეზღუდვების აღდგენას.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 2 340 000-ზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილია 121 200-ზე მეტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 647 000-ს აჭარბებს.