საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არჩევნების თარიღი, 31 ოქტომბერი, ძალაშია და მმართველი გუნდი საარჩევნო კამპანიის შესაძლებლობას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.
როგორც თალაკვაძემ განმარტა, კონსტიტუციის წინა რედაქცია ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას არჩევნების ვადებთან მანევრირების კუთხით, მაგრამ დღეს ეს შესაძლებლობა არ არის. მისი თქმით, კონკრეტული თარიღი არის ჩაწერილი მათ მიერ მიღებულ რედაქციაში და ეს არის ოქტომბრის ბოლო კვირა.
შესაბამისად, თალაკვაძის განცხადებით, არჩევნების თარიღი არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში და ეს არის 31 ოქტომბერი.
„მოქალაქეებს აინტერესებთ, თუ როგორ იქნება უზრუნველყოფილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მაშინ, როდესაც მსოფლიოში გლობალური პანდემია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და „კოვიდ-19“-ით კვლავ, სამწუხაროდ არიან ინფიცირებული მოქალაქეები. არიან ადამიანები, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ და ჯერ კიდევ რჩება რისკი მთელ მსოფლიოში, რომ „კოვიდ-19“-ის მართვა, დამარცხება, მისი სრულად განეიტრალება რამდენად იქნება შესაძლებელი. თუმცა, აქ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია და მინდა, დღეს მაქსიმალურად ამოვწურო ეს საკითხი, განსაკუთრებით მედიის საყურადღებოდ – ზუსტად ჩვენი მოწვევის პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში დააკონკრეტა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი და დააკონკრეტა, რადგან ამასთან დაკავშირებით არ ყოფილიყო პოლიტიკური სპეკულაციები. მოგეხსენებათ, წარსულში, კონსტიტუციის წინა რედაქცია ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას არჩევნების ვადებთან მანევრირების კუთხით, მაგრამ დღეს ეს შესაძლებლობა არ არის, კონკრეტული თარიღი არის ჩაწერილი ჩვენს მიერ მიღებულ რედაქციაში და ეს არის ოქტომბრის ბოლო კვირა. შესაბამისად, არჩევნების თარიღი არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში და ეს არის 31 ოქტომბერი. კომისიის მუშაობის ფარგლებში, დამეთანხმებიან ჩემი კოლეგები უმრავლესობიდან, ოპოზიციიდან, რომ არც ერთხელ არჩევნების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით საკითხი არ ყოფილა დასმული, არ ყოფილა არც ასეთი ინიციატივა და არ ყოფილა არც ამასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე. მით უმეტეს რაიმე გადაწყვეტილება. შესაბამისად, არჩევნების თარიღი არის ძალაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად პოლიტიკური საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობას“,- განაცხადა თალაკვაძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს – ფრაქციის წარმომადგენლები პირველ მოსმენას არ დაესწრებიან.
როგორც ცნობილია, „ევროპული საქართველო“ პირველი მოსმენის კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, მათი განცხადებით, მეორე და მესამე მოსმენებში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას, თუკი გიორგი რურუა გათავისუფლდება.
„ევროპული საქართველო“ დღეს მხარს დაუჭერს პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, პირველი მოსმენით და არა მეორე და მესამეთი. ვინაიდან, 8 მარტის შეთანხმება არ გახლავთ შესრულებული და მეორე და მესამე მოსმენაზე ჩვენი პოზიცია დამოკიდებული იქნება იმაზე, შესრულდება თუ არა 8 მარტის შეთანხმება და გათავისუფლდება თუ არა გიორგი რურუა. მაგრამ დღევანდელი ხმის მიცემით, ჩვენ ვიგებთ ორ ამოცანას. ამოცანა პირველი, ჩვენ არ მივცემთ საშუალებას „ქართულ ოცნებას“ ნოემბრის სცენარი გაიმეოროს და მეორე, პირველი მოსმენით გატანით ჩვენ მოვიგებთ გარკვეულ პერიოდს, მინიმუმ რამდენიმე დღეს, რომლის განმავლობაშიც გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან, რათა ხელისუფლებამ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გაათავისუფლოს. დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორი გადაწყვეტილება. ამის შემდეგ პასუხისმგებლობა არის მთლიანად ხელისუფლების მხარეს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.