ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რუსთავისთვის 40 ავტობუსი შეისყიდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, მიმდინარე წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში, უზრუნველყოს ასჩვიდმეტი 8.5 მეტრიანი და ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობუსის მოწოდება.

პროექტის ფარგლებში გორს – 30, ზუგდიდს – 25, რუსთავს – 40, ქუთაისს – 60, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაცემა.

„ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ავტობუსების შესყიდვის კონტრაქტს ხელი მოეწერა. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შერჩეულ 6 ქალაქში საჯარო ტრანსპორტის განვითარებისთვის. პროექტი საშუალებას მისცემს ამ ქალაქების მოსახლეობას, რომ ისარგებლონ თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით. პროექტი ასევე მოიცავს ტექნიკური დახმარების კომპონენტს, რომელიც მიმართულია სატრანსპორტო სექტორის განვითარებასა და გაძლიერებაზე ამ ქალაქებში. პროექტის ფარგლებში, გაძლიერდება ინკლუზიური ეკონომიკა, რადგან ის მოიცავს არა მხოლოდ თანაბარი გენდერული შესაძლებლობების ხელშეწყობას სატრანსპორტო კომპანიებში, არამედ რეგიონებში შესაბამისი ტრენინგ ცენტრების გახსნას საჯარო ტრანსპორტის სექტორში დამატებითი სპეციალისტების მოსამზადებლად“, – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

 რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას ცნობით, 40 ახალი 10 მეტრიანი ავტობუსი რუსთავში ოქტომბრის თვეში შემოვა. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და კონტრაქტის საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.