საქართველოში კორონავირუსისაგან კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში COVID19-ს 13 ადამიანი ემსხვერპლა.
გარდაცვლილი 76 წლის მამაკაცია, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდანაა.
ბოლნისის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა მამარდაშვილის განცხადებით, გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.
მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას კორონავირუსი 9 მაისს დაუდასტურდა.
UPDATE: დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაცვლილს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ჰქონდა.
მისი თქმით, პაციენტს სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდა.
„სამწუხაროდ, დღეს გვაქვს გარდაცვალების მეცამეტე შემთხვევა. გარდაიცვალა 76 წლის მამაკაცი. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სწორედ იმ სოფლიდან არის, სადაც ყველაზე მეტი დაზიანება გვაქვს.
სამწუხაროდ, ეს იყო მძიმე ავადმყოფი, მძიმე თანმხლები დაავადებებით და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ხელოვნურ ვენტილაციაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 796 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 634 გამოჯანმრთელდა, 13 კი – გარდაიცვალა.