ქვემო ქართლის რეგიონში სულ სამი ოლქი შეიქმნება

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი წავიდა 5 დეპუტატი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.

თბილისში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები შემდეგნაირად დაიყოფა: მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები; ვაკის რაიონი; საბურთალოს რაიონი; ისნის რაიონი; სამგორის რაიონი; დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები; გლდანის რაიონი; ნაძალადევის რაიონი.

რაც შეეხება ქვემო ქართლის რეგიონს, მხარეში სულ სამი ოქლი იქნება, ერთში გაერთიანდება რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები, მეორეში – მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები, ხოლო  მესამეში – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები.

კონსტიტუციური კანონპროექტით განსაზღვრულია საარჩევნო ბლოკების საკითხიც. კერძოდ, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.

რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, ისინი განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე.