ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რა შემთხვევაში მოიხსნება აბიტურიენტი ეროვნული გამოცდიდან.
რეკომენდაციის თანახმად, თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს „პისიარ“ ტესტი და წარადგინოს ცნობა, რომ არ არის „კოვიდით“ ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის (ან ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ექიმ სპეციალისტის) ცნობა (ფორმა #100).
ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა „კოვიდ19“-თან დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის. რეკომენდაციების თანახმად, თუ გამოსაცდელს 37 ან 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა აღენიშნა, 15 წუთში უნდა გადაუმოწმონ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ, 37.5-მდე (37.4 -ის ჩათვლით) შედეგის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული „პისიარ“ ტესტირების დასკვნა „კოვიდ“ უარყოფითი შედეგით, მაშინ მისი განთავსება ხდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში. შემთხვევა კი, აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება; თუ გამოსაცდელს არა აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული „პისიარ“ ტესტირების დასკვნა „კოვიდ“ უარყოფითი შედეგით, გამოსაცდელის გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტა ხდება ექიმის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე. კერძოდ: თუ სიცხის გარდა არ აღენიშნება რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), გამოსაცდელი განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში.
იმ შემთხვევაში, თუ 37-დან 37.4 გრადუსამდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან.
ასეთმა გამოსაცდელმა „პისიარ“ ტესტი სასურველია ჩაიტაროს მომდევნო გამოცდამდე; 37.5 ტემპერატურისას (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდებულია მომდევნო გამოცდამდე „პისიარ“ ტესტის გაკეთება.
ტემპერატურის 37.5-ზე მეტის შემთხვევაში: თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული „პისიარ“ ტესტირების დასკვნა „კოვიდ“ უარყოფითი შედეგით, ის მოიხსნება გამოცდიდან და რეკომენდაციის თანახმად, უნდა მიმართოს ექიმს/დარეკოს 112-ზე;
თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული „პისიარ“ ტესტირების დასკვნა „კოვიდ“ უარყოფითი შედეგით, ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში. თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არა უმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული „პისიარ“ ტესტირების დასკვნა „კოვიდ“ უარყოფითი შედეგით, მაშინ ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რომელიმე რესპირატორული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, გამოსაცდელის განთავსება ხდება სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე, რეკომენდაციის თანახმად, შემდეგ გამოცდამდე უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით.