შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. ჩატარდა ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს. 

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ნაშრომების გასწორების პროცესი. შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება. 

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 94%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები და გამოცდიდან მოხსნის სამი ფაქტი (გამოცდაზე მობილური ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანის გამო).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2020 წლის საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებით 6 ივლისს დაიწყო. საგამოცდო ცენტრები გაიხსნა ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ცენტრი ზედმიწევნით იცავდა გამოცდებზე უსაფრთხოების წესებს, რომლებიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. გათვალისწინებული იყო როგორც მაგიდებზე არსებულ დამცავ ფარებთან, თერმოსკრინინგთან, შესაბამისი დისტანციის დაცვასთან, ასევე კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია.