25 წლის ბიჭი, რომელიც ავარიის შედეგად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გამოჯანმრთელდა

მოპედის მძღოლმა, რომელიც 1 თვის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო დატოვა. როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძე აცხადებს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად ფასდებოდა და ის 3 კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.

დაახლოებით 1 თვის წინ ჩვენთან შემოვიდა პაციენტი მძიმე ტრამვული დაზიანებით. გუშინ გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. ის საღ გონებაზეა, მეტყველება, მოძრაობები კიდურებში აღდგენილი აქვს. მძიმე დაზიანებები ჰქონდა და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდა,” – განაცხადა დავით გოგოძემ.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე 5 ივნისს მოხდა, რა დროსაც მოპედი ქალს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და კლინიკიდან რამდენიმე დღეში გაეწერა. ხოლო კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 25 წლის მამაკაცი მკურნალობას კლინიკაში ამ დრომდე აგრძელებდა.