შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი ხელოვნური სუნთვის აპარატიდან მოხსნილია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა ლალი ტურძელაძემ დაადასტურა.
„შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ხელოვნურ სუნთქვაზე აღარ არიან. ჩვეულებრივ სპონტანურ სუნთქვაზე არიან. მათი მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურები და ადეკვატურები არიან“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.