რუსთავში, ქიმიკოსთა სკვერში არსებულ კორტებზე საჩოგბურთო ტურნირი დაიწყო, რომელიც 5 და 6 სექტემბერს გაიმართება. ტურნირი 1 წლის წინ გარდაცვლილი რუსთაველი ჩოგბურთელის, ილია ჯიქიას სახელს ატარებს და ორგანიზებას მისი მეგობარი უწევს.
ილია ჯიქიას სახელობის ტურნირი წელს პირველად იმართება და მასში მონაწილეობას 40-მდე სპორტსმენი იღებს, ადგილობრივებთან ერთად ჩემპიონობისთვის თბილისელი და საქართველოში აკრედიტირებული უცხოელი ჩოგბურთელები იბრძოლებენ. ტურნირი მამაკაცთა შორის იმართება როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში, მონაწილეთა ასაკი 18-დან 70 წლამდე მერყეობს.
ტურნირი 6 სექტემბერს დასრულდება და გამარჯვებულები ფულად ჯილდოსა და სიმბოლურ პრიზებს მიიღებენ.