რა შემთხვევაში გამოუყოფს სკოლა მასწავლებელს სპეციალურ სივრცეს

მასწავლებლებს, რომლებსაც სახლიდან დისტანციურად სწავლების შესაძლებლობა არ ექნებათ, სკოლამ სპეციალური სივრცეები უნდა გამოუყოს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის დამტკიცებულ ბრძანებაშია ნათქვამი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის წესებსა და პირობებს ეხება.

„სკოლა ვალდებულია გამოყოს შესაბამისი სივრცე მასწავლებლისთვის დისტანციური გაკვეთილის ჩასატარებლად იმ შემთხვევაში თუ: ა) მასწავლებელი ვერ ახერხებს სახლიდან ჩართვას; ბ) მასწავლებელს არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა/ინტერნეტი“, – ნათქვამია ბრძანებაში.

ბრძანების მიხედვით, სკოლა ვალდებულია მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს დისტანციური სასწავლო პროცესის თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის.

“იმ შემთხვევაში, თუ სკოლისთვის ხელმისაწვდომი რესურსებით ვერ ხერხდება მოსწავლის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში, სკოლა ვალდებულია მოსწავლისთვის უზრუნველყოს ინდივიდუალური კონსულტაციები დასწრებულად ან/და დისტანციურად”, – აღნიშნულია დოკუმენტში.