საკოორდინაციო საბჭო : დაიცავით რეკომენდაციები, რათა არ გამკაცრდეს რეგულაციები

პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესება საჭირო არ გახდეს.

როგორც  გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა,   აუცილებელია დისტანციის დაცვა, სანიტარული წესრიგის და ზოგადად, მონიტორინგის გამკაცრება.

თვითმონიტორინგის გამკაცრება ნიშნავს იმას, რომ ყველამ ჩვენ-ჩვენი ჯანმრთელობის თვითმონიტორინგი ვაწარმოოთ – გვაქვს თუ არა მცირე ტემპერატურის მომატება, გვეწყება თუ არა ხველა, სუნთქვის უკმარისობა, დავრეკოთ 112-ზე, მივმართოთ ექიმს და ექიმის დანიშნულების მიხედვით ვიმოქმედოთ.  თუ რომელიმე ეს სიმპტომი არის, ექიმი თქვენ გეტყვით, რომ უნდა ჩაიტაროთ ტესტირება, კოვიდზე და ეს აუცილებლად ჩასატარებელია და მოგეხსენებათ, ამისთვის ქვეყანაში დაახლოებით 40-50-მდე ადგილი არსებობს .მათი სია არის ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ გვერდებზე და შეგიძლიათ მიმართოთ და ამას ყველაფერს აფინანსებს სახელმწიფო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება ვირუსის ახალ შემთხვევებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით,  ცხელ წერტილად  აჭარის რეგიონი რჩება.

„დღევანდელი 45 შემთხვევიდან სამი გახლავთ ისევ და ისევ დაკავშირებული „დონას“ კლასტერთან და მოგეხსენებათ ამ ეტაპზე ცხელ წერტილად რჩება აჭარის რეგიონი და განსაკუთრებით, ბათუმი დღეს 45 შემთხვევიდან 23 შემთხვევა უკავშირდება აჭარის რეგიონს და კერძოდ, ბათუმს. აქედან კიდევ სამი გახლავთ სწორედ „დონას“ კლასტერი. 19 გახლავთ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი და ისინი ძალიან სწრაფად იყვნენ მოკვლეული. რუსთავის „ავერსის“ პოლიკლინიკის კლასტერს უკავშირდება დამატებით კიდევ ოთხი შემთხვევა. 4 შემთხვევა გვაქს იმპორტირებული, ერთი გახლავთ სატვირთო ავტომობილის მძღოლი და 12 გახლავთ ადამიანები, ეპიდაფეთქების კერაში მოგზაურობის ისტორიით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს მოქალაქეებს, ვინც 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდა საკონდიტრო „დონაში“, ასევე 30-31 აგვისტოს იმყოფებოდა ჩაქვის სასტუმრო „ოაზისში“, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და მათ უფასოდ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება.

“გთხოვთ, რომ გავითვალისწინოთ – ჩვენ გუშინაც გავაკეთეთ და ყოველ დღე ვაკეთებთ განმარტებას, ვინც 20 აგვისტოს შემდეგ ბათუმში, იყო საკონდიტრო „დონაში“, აუცილებელია მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტაროთ ტესტირება. ასევე, ვინც 30-31 აგვისტოს ბრძანდებოდით ჩაქვის სასტუმრო „ოაზისში“, ასევე მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას და სახელმწიფოს ხარჯზე ჩაგიტარებენ PCR ტესტირებას. ვინც ზოგადად, აგვისტოში იმყოფებოდით აჭარის რეგიონში, აწარმოოთ 7-დან 14 დღემდე თვენი ჯანმრთელობის მონიტორინგი. დაუკვირდეთ, ხომ არ გაქვთ ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება და თუ ასეთი სიმპტომია, მაშინვე დარეკეთ 112-ზე, მიმართეთ ოჯახის ექიმს და შესაბამისად, ჩაიტარეთ ტესტირება, რათა გამორიცხოთ კოვიდ ინფექცია.”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ