IRI-ს კვლევით კითხვაზე, რამდენად სავარაუდოა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებთ?, მოსახლეობის 90% დადებითად პასუხობს, ამათგან 74% ამბობს, რომ არჩევნებზე აუცილებლად წავა, ხოლო 16%-ის პასუხია “ალბათ კი”.
ამავე კითხვაზე 9% არჩევნებზე წასვლას არ აპირებს, ხოლო მხოლოდ 2%-მა თქვა, რომ არ იცის, წავა თუ არა არჩევნებზე.
ამასთან, IRI-ს კვლევით, მოსახლეობის 59% პასუხობს, რომ საქართველოს მომავალი პრემიერი რომელიმე პარტიასთან უნდა იყოს დაკავშირებული. გამოკითხულთა მხოლოდ 16%-ს სურს, რომ მთავრობის მეთაური დამოუკიდებელი, უპარტიო იყოს. კითხვაზე პასუხი არ აქვს, ან არ იცის 25 %-მა.
IRI-ს კითხვაზე, ვინ უნდა დანიშნოს მომავალი პრემიერ-მინისტრი, მოსახლეობის 44%-ს მიაჩნია, რომ ეს საპარლამენტო უმრავლესობის პრეროგატივაა, ხოლო მხოლოდ 36%-ის აზრით, პრემიერი პარლამენტის მრავალპარტიულმა კოალიციამ უნდა დანიშნოს.
კვლევა 4 აგვისტოდან 21 აგვისტოს პერიოდში, პირდაპირი ინტერვიუს პრინციპით ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილება 1 500-მა ადამიანმა მიიღო. ცდომილება +- 2.5%-ია.