ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ზუგდიდის “საქართველოს ბანკის” თავდასხმის დროს სხვა მოქალაქეებთან ერთად მძევლად იყო აყვანილი, ჟურნალისტებთან თავდასხმის დეტალებზე საუბრობს.
კვარაცხელიას ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ხელყუმბარითა და იარაღით ბანკში შეიჭრა, დაახლოებით 35-40 წლამდეა. მისივე განმარტებით, თავდამსხმელის ამოცნობა არ შეუძლია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მასთან მძევლებს კომუნიკაცია ჰქონდათ, შესაძლოა მისი ხმა სხვა ადამიანის ხმისგან გაარჩიოს.
ამასთან, კვარაცხელია მადლობას უხდის ზუგდიდის სამხარე პოლიციის უფროსს ავთანდილ გალდავას.
მისი თქმით, პოლიციას სრული ინფორმაცია მიაწოდა თავდასხმის შესახებ და მზადაა, რომ საჭიროების შემთხვევაში კიდევ მივიდეს გამოკითხვაზე.
თავდამსხმელი იქცეოდა იარაღთან ურთიერთობაში, როგორც გამოცდილი ადამიანი, იმდენად აგრესიული იყო, რამდენადაც ეს მისთვის იყო აუცილებელი, ხალხის შესაშინებლად და მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად.
მისი ხმა შეიძლება მივამსგავსო, მაგრამ ამოცნობა ნამდვილად არ შემიძლია. ძირითადად ქართულად საუბრობდა, ვეცადეთ, რომ კომუნიკაცია გვქონოდა და რამდენჯერმე მეგრულადაც გვიპასუხა”, – განაცხადა კვარაცხელიამ.
მისო თქმით, თავდამსხმელს სამართალდამცავებთან მოლაპარაკება სხვა მძევლის ტელეფონის საშუალებით ჰქონდა.
“ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ან ფეხმძიმედ იყო ძალიან მალე გაათავისუფლა. ასევე მომლაპარაკებელი პოლიციელის თხოვნით კიდევ რამდენიმე ქალი გაათავისუფლა. ბოლოს კი დავრჩით 20 ადამიანი. შეარჩია ადგილი, სადაც უნდა დავლოდებოდით მოლაპარაკების დასრულებას.
ამ 20-დან 12 თუ 13 პირი დავრჩით, საიდანაც უკვე ბანკიდან წასვლისას 3 დაიტოვა. გარდა ამისა, პირადად ავთანდილ გალდავას შეთავაზება იყო, რომ მძევლების ნაცვლად დარჩებოდა, რაც ჩემი აზრით, ძალიან ვაჟკაცური საქციელი იყო და დიდი მადლობა მას ამისათვის”, – განაცხადა კვარაცხელიამ.