კორონავირუსით დღეს 6 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 72 -მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ 6-ვე პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

მისივე თქმით, პაციენტების მდგომარეობიდან გამოყვანა, სხვადასხვა ღონისძიების გატარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა.

„ამჟამად საერთო რაოდენობა გარდაცვლილთა გახლავთ 72. გუშინ გარდაიცვალა 6 პაციენტი. აქედან 1 პაციენტი გარდაიცვალა გორში – 58 წლის ქალი თანმხლები დაავადებებით, ბათუმში გარდაიცვალა 68 წლის პაციენტი, რომელსაც ასევე ჰქონდა თანმხლები დაავადებები, ქობულეთში გარდაიცვალა 2 პაციენტი – 55 და 61 წლის ქალები და ქუთაისში გარდაიცვალა 81 წლის ქალბატონი. ყველა ამ პაციენტს ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია და შესაბამისად, მათი გამოყვანა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, კორონავირუსი კიდევ 527 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 10752-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა 313 პაციენტი.