მარნეულის ყოფილი მერის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები განახლდა

8 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში თემურ აბაზოვის, აზერ სულეიმანოვისა და კიდევ ორი პირის სისხლისამართლებრივი საქმის პირველი სააპელაციო სხდომა გაიმართა.

დაზარალებულად ცნობილი ელჩინ ალახვერდიევის ადვოკატმა ეკატერინე მიდოდაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო სხდომა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა რის გამოც სხდომა მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ინფორმაციას რადიო “მარნეული” ავრცელებს.

„პროკურორს დროის უკმარისობის გამო მცირე დრო ჰქონდა, რომ თავისი შესავალი სიტყვა ეთქვა. პროკურორმა განმარტა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი იყო დაუსაბუთებელი, რადგან მოსამართლემ არ გაითვალისწინა ის მტკიცებულებები, რომლებიც წარდგენილი იყო პროკურატურის მიერ.

მოხდა იმ მოწმეების ჩვენებების გათვალისწინება, რომლებმაც გამოძიების დროს აბაზოვის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, ხოლო სასამართლოში პირიქით, დაზარალებული ელჩინ ალახვერდიევის წინააღმდეგ. ძირითადი აქცენტები ამ საკითხზე იყო“ – განაცხადა ეკატერინე მიდოდაშვილმა

აბაზოვის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოხელის მიერ, პირის დამცირებას და იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენა.

პროკურატურა აბაზოვს ასევე ედავებოდა 25, 1571 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების უკანონოდ მოპოვების ორგანიზებას და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვას; ასევე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელების ორგანიზებას ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით.