რუსთავის ცხელების ცენტრის 12 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, პაციენტები კლინიკიდან უკვე გაწერეს.
მისივე ცნობით, ცენტრში ამ დროისთვის 4 ახალი პაციენტი იმყოფება. ოთხივე მათგანი რუსთავის მკვიდრია. მათი ტესტის პასუხები კორონავირუსზე 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.
გარდაბანში კორონავირუსზე ტესტის პასუხს 19 ადამიანი ელოდება. გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა გოგოლაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 33 ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინში 5.
მისივე ცნობით, კორონავირუსის მეორე ტალღის პერიოდში, გარდაბანში ვირუსული ინფექცია სულ 11 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 10 გამოჯანმრთელდა.
წალკაში კორონავირუსზე ტესტის პასუხს ამ დროისთვის 50 ადამიანი ელოდება. როგორც წალკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, მათი ტესტის პასუხები ცნობილი დღეს გვიან ღამით, ან ხვალ გახდება ცნობილი. წალკაში ვირუსული ინფექცია ამ დრომდე სულ 7 ადამიანს დაუდასტურდა.
რაც შეეხება ბოლნისის, მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს – ეპიდემიოლოგიური ვითარება უცვლელია და მუნიციპალიტეტებში გეგმიური კვლევები პერიოდულად მიმდინარეობს.