რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ დაიძრნენ. ოპოზიციის განმარტებით, ეს არის უწყვეტი აქცია და სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება პროტესტი არ შეწყდება.
ამ დროისთვის რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ მიემართებიან. ოპოზიციური სპექტრი ცესკოს ბლოკირებას იწყებს. მათი განცხადებით, ცესკოს შენობაში ვერავინ მოახერხებს შესვლასა და გამოსვლას, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„8 საათამდე ხელისუფლებას ჰქონდა დრო, რომ წამოსულიყო კომპრომისზე. ისინი გამოვიდნენ კონტაქტზე. ეს კონტაქტი შედგა ოპოზიციას და კობახიძე-თალაკვაძეს შორის და ბოლო ინფორმაცია არის, ხვალ იქნებ დაველაპარაკოთო. სანამ შეხვედრა არ შედგება, არც ერთ ჩვენგანს არანაირი ჰიპოტეტური დაპირებისა, არ სჯერა”,- განაცხადა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ხელისუფლებას დღეს 20:00 საათამდე მისცეს ვადა, რათა მათი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ.
ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართეს:
- ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები
- გადადგეს თამარ ჟვანია და კომისიები სამართლიანი წესით დაკომპლექტდეს
- გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები









