პრემიერი კერძო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

 საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრი  კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, არსებული საწოლფონდის რაოდენობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე მთავრობის მეთაური, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან ერთად, დღეს „ევექსის“, „ჯეო ჰოსპიტალსის“ და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს ესაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა მოისმინა ინფორმაცია თითოეულ კლინიკაში არსებული საწოლფონდის რაოდენობის შესახებ და დაინტერესდა, რა ახალი საჭიროებების წინაშე დადგებიან კლინიკები დამატებითი რესურსის მობილიზების აუცილებლობის შემთხვევაში.

კლინიკების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ აქვთ დამატებითი საწოლფონდის მობილიზების შესაძლებლობა, მათ შორის როგორც თერაპიის, ისევე რეანიმაციის მიმართულებით და ამ კუთხით კონკრეტულ ნაბიჯებს უკვე დგამენ. 

„ყურადღება გამახვილდა ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში კლინიკების ხელმძღვანელებისა და ექიმების როლზე, რათა კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე – ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კოვიდ-სასტუმროებში, სადაც უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა.

ამასთან, ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე, კვლავ უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობა წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების სტრატეგიას განაგრძობს და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.