დამწვრობის ცენტრს პიროტექნიკით დაშავებულმა უკვე ათზე მეტმა პაციენტმა მიმართა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პიროტექნიკით დაშავების შემთხვევები უკვე ფიქსირდება. საქართველოს პირველ არხთან საუბარში გუგა ქაშიბაძე განმარტავს, რომ დაახლოებით ერთი კვირაა, კლინიკას ათზე მეტმა პაციენტმა მიმართა. მათ შორის არიან როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები.

„პიროტექნიკით დაშავების რამდენიმე შემთხვევა უკვე გვქონდა. რამდენიმე შემთხვევაა მოზრდილის, რამდენიმე ბავშვის. ძირითადად მტევნის დაზიანებებით. ძირითადად იყო მარჯვენა მტევნის დაზიანებებით, რამდენიმე შემთხვევა იყო სახის დაზიანებით. დაახლოებით ათზე მეტი შემთხვევაა წინასაახალწლოდ. აქედან ნახევარი, 50 პროცენტი ბავშვი იყო, 50 პროცენტი მოზრდილი. ყველა მათგანი ამბულატორიული შემთხვევა იყო, ანუ კლინიკაში დაწოლა არც ერთს არ დაჭირვებია. დეკემბერში მოხდა, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

გუგა ქაშიბაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, პიროტექნიკის გამოყენებისას უსაფრთხოების ელემენტარული წესები დაიცვან.