რეგულაციების დარღვევისთვის კიდევ 901 ადამიანი დაჯარიმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 901 ფაქტი გამოვლინდა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციამ 70 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე,  დაჯარიმდა 831 ფიზიკური პირი.

შსს კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

“პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.