რესტორატორთა ასოციაცია: შიმშილის პირას არის სექტორი

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, რესტორნების 80-90 პროცენტი იჯარით ფუნქციონირებს და თუ პაუზა ხანგრძლივ პერსპექტივაში დარჩება, რესტორნების ფუნქციონირებას პრობლემები შეექმნება.

მისივე თქმით, რესტორანში ყველაფერი დარეგულირებულია და შექმნილია პირობები იმისა, რომ მომხმარებელმა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.

„თუ იხდის რესტორანი და არ აქვს შეღავათი, გრძელვადიან პერსპექტივაში ოპერირების გარეშე ისიც ვერ შეძლებს დიდხანს ყოფნას, ამ შემთხვევაში, მეიჯარე ვალდებული იქნება, გამოიყვამოს ის ფართიდან სადაც 7 – 10 წელი არსებობდა და დიდი ფული აქვს ჩადებული. ის სხვაგან ვერ გადავა, რადგან მას გადახდის საშუალება არ აქვს. ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ. თუკი დაპაუზება გრძელვადუანად განვითარდა, ვეღარ შეძლებს ვერც ერთი და ვერც მეორე მხარე შეთანხმებას და უბრალოდ ვეღარ შეძლებს ოპერირებას.

პანდემიამდე არსებული 11 ათასი ობიექტიდან გადარჩება მხოლოდ საქართველოს მასშტაბით 500. თუ შესაძლებელია დახურულ სივრცეში რომ იაროს ხალხმა (20 კვადრატში ერთი ადამიანი), რესტორნებსაც მიეცი ეს საშუალება, რომ ამოსუნთქვა შეძლოს და ადამიანებმა შეძლონ, რომ იარსებონ.

რესტორანში, სადაც ყველაფერი დარეგულირებულია და შექმნილია ის პირობები, რომ ადამიანმა იგრძნოს უსაფრთხოდ თავი, მიდიან ისეთ ადგილებში, აგარაკებზე თუ ქალაქ გარეთ, სადაც ეპიდემიის განვითარება უფრო მეტი არის. ამ ლოგიკას რატომ ვერ უყურებენ ვერ ვხვდები. კონტროლის მექანიზმს კარგავენ და შესაძლებლობას აძლევენ ხალხს, რაც უნდათ, ის რომ აკეთონ. წლიური ბრუნვა ჩვენი სფეროსი იყო სამ მილიარდ ნახევარი დოლარი. ეს არის ის თანხა, რომლითაც ეკონომოკა იზრდებოდა. აქ 300 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ეს ადამიანები უმუშევრად რჩებიან. შიმშილის პირას არის სექტორი, თუ დროულად არ იქნა გადარჩენის შესაძლებლობა, გახსნას ვგულისხმობ“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.