გამყრელიძე: ერთი წელი მაინც მოგვიწევს რეგულაციებით ცხოვრება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კიდევ ერთი წელი გარკვეული რეგულაციებით მოგვიწევს ცხოვრება.

“ჩემი პროგნოზით, ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით. პირველ რიგში პირბადე, დისტანცია. ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ დაბადების დღეებზე”, -განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნის საკითხს პირველი მარტიდან, გამყრელიძე აცხადებს, რომ თებერვალში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

“თუ წელს მოსახლეობის 60-70% აიცრა, მომავალი წლის გაზაფხულზე, დიდი ალბათობით, ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრებას თანდათან უნდა დავუბრუნდეთ. მაგრამ ის ღონისძიებები, რომლებიც დღეს ტარდება, როგორიც არის პირბადის ტარება, დისტანციის და ამ ჰიგიენური პირობების დაცვა, ამან გარკვეულად გრიპსაც უშველა, გრიპი წელს არ გვაქვს. ჩვენთან უკვე 75%-ზე ავიდა პირბადის ტარება და 95%-ზე თუ ავიყვანეთ, ერთ-ერთი დიდი ინსტიტუტის პროგნოზით, მხოლოდ ამით მაისისთვის დღეში გვექნება 7-დან 30-40 შემთხვევამდე, მეტი არა, მხოლოდ თუ პირბადე გავაძლიერეთ, გარკვეულ მცირე შეზღუდვებთან ერთად. ვფიქრობ, რომ ვაქცინა სერიოზულ გარღვევას შეიტანს და ალბათ, ამ წლის შუაში პირდაპირმოქმედი წამალიც იქნება”, – განაცხადა გამყრელიძემ.