ელისაშვილი: „ქართული ოცნება“ მზად არის, სერიოზულ დათმობებზე წავიდეს

გაირკვა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან არის მზაობა, რომ სერიოზულ დათმობებზე წავიდეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, მე და ლევან იოსელიანი პარტია „მოქალაქეების“ სახელით ვიყავით მოსულები, რათა გაგვერკვია, ჰქონდა თუ არა „ქართულ ოცნებას“ სერიოზული მზაობა იმ ოთხ საკითხთან დაკავშირებით და იყო თუ არა მზად, წასულიყო კომპრომისებზე. მეოთხე რაუნდის შემდეგ გავიდა ძალიან დიდი დრო, მეხუთე რაუნდის პერსპექტივა ჰაერში გამოეკიდა და ამიტომ ვიყავით მოსულები. ოთხივე პუნქტზე ვიმსჯელეთ, რა თქმა უნდა ყველაზე მძიმე საკითხი იყო პოლიტპატიმრების თემა. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მეც და ლევანიც ამ საკითხს არაერთხელ დავუბრუნდით, ძალიან პრინციპულად ვსვამდით, თუმცა ასევე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ უბრალოდ არც აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას.

ახლა დღეს ჩვენ აქ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ, ჩვენ უბრალოდ პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად მოვედით. გაირკვა, რომ წინა რაუნდების მსგავსად, საარჩევნო საკითხებთან, საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან არის მზაობა, რომ სერიოზულ დათმობებზე წავიდეს. ახლაც ეს კომპრომისის მზაობა, დათმობები დადასტურდა. პუნქტობრივად მივყვებოდით ამ საარჩევნო რეფორმის თითოეულ საკითხს და რამდენიმე დეტალი რჩება შეუთანხმებელი“, – განაცხადა ელისაშვილმა.