ზუგდიდში კაცი მოკლეს და დანაშაულის ადგილზე ხანძარი გააჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში კაცი მოკლეს, დანაშაულის დაფარვის მიზნით კი ბინაში ხანძარი გააჩინეს. უწყების ცნობით, ბრალდებული, 22 წლის პირი დაკავებულია.

“ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით, ნაცნობს— 1983 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა ხანძარი გააჩინა და მიიმალა”, — აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, თავდაპირველად შეტყობინება ხანძრის შესახებ მიიღეს და ადგილზე მისულ სამართალდამცველებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ 38 წლის კაცი, რომელსაც, პირველადი დათვალიერებით, სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა.

“პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. დაკავებული დანაშაულს აღიარებს”, — აცხადებენ უწყებაში.

გამოძება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.