თურნავა: თავი შეიკავეთ ჩვენი საამაყო ეპიდემიოლოგების კრიტიკისგან

“თავი შეიკავეთ ჩვენი საამაყო ეპიდემიოლოგების კრიტიკისგან” – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ მათი დამსახურებაა მათ შორის, რომ დღეს გახსნაზე ვსაუბრობთ და არა დაკეტვაზე.

“რაც შეეხება დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის მიმართ, ექიმების მიმართ, ეპიდემიოლოგების მიმართ, ამ ბოლო დროს ძალიან დამაფიქრებელი ტენდენციები ისმის. ეს შეიძლება იყოს გულწრფელი კრიტიკა ბიზნესიდან, რომელიც შეიძლება, ბოლომდე არ იცოდეს ჩვენი გადაწყვეტილების მიღების ლოგიკა, თუმცა ძალიან ბევრი პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებაც გვესმის იმიტომ, რომ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას, ვინც არეულობის მოსურნეა, ვისაც ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება არ სურს, უნდა, რომ დარტყმა მიიტანოს ჩვენს გმირებზე, ჩვენს მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანებზე, ვის მხრებზეც გადაიარა მთელი ეს პერიოდი, ეს ძალიან უსამართლოა. ძალიან ვთხოვ ყველას, რომ თავი შეიკავოს უსამართლო კრიტიკისგან ჩვენი საამაყო ეპიდემიოლოგების. მათი დამსახურებაა მათ შორის, რომ დღეს გახსნაზე ვსაუბრობთ და არა დაკეტვაზე”-განაცხადა თურნავამ.