თურქული მედია შავ ზღვაში ჩაძირულ გემზე ინფორმაციას ავრცელებს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა, თუმცა  ეს ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა. შავ ზღვაში ჩაძირული გემი “არვინი” არა რუსეთის, არამედ პალაუს დროშის ქვეშ მიცურავდა. გემს ტვირთი საქართველოდან ბულგარეთში გადაჰქონდა – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

შემთხვევა ბართინის პროვინციაში ინკუმუს რაიონის სანაპიროსთან მოხდა. თურქეთის პროვინცია, ბართინის გუბერნატორის, სინან გიუნერის ცნობით, ადგილზე 3 ცხედარია ნაპოვნი.

ბორტზე 12 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგან ორი რუსეთის, ხოლო ათი უკრაინის მოქალაქეა.

უბედური შემთხვევა უამინდობას უკავშირდება. ადგილზე კვლავ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.