პრეზიდენტი სტოლტენბერგს: ჩვენ ვაფასებთ მუდმივ მხარდაჭერას

ჩვენ ვაფასებთ მუდმივ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ასევე თქვენს მხარდაჭერას ბატონო გენერალურო მდივანო, რომელსაც თქვენ გამოხატავთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენენტეტისა და სტრატეგიული მიმართულებით,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო ნატო-სთან თანამშრომლობის წყალობით აგრძელებს მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.

„საქართველო აფასებს ნატო-ს განგრძნობით წვრთნებს საკუთარ ტერიტორიაზე პანდემიის შედეგად არსებული შეზღუდვების მიუხედავად. ჩვენ ვაფასებთ თქვენს გაზრდილ წარმომადგენლობას შავ ზღვაში. ჩვენ ახლა ისე როგორც არასდროს, მზად ვართ, რომ გავზრდოთ ჩვენი ძალისხმევა. მადლობელი ვართ იმ ნდობისთვის, რომელსაც გამოხატავთ ჩვენი ქვეყნის მისწრაფებებისადმი. ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი ამის ნათელი მაგალითი და ღირებული ინსტრუმენტია, ჩვენი თანამშრომლობის დონის ასამაღლებლად. ის, ამასთანავე, მორგებულია უსაფრთხოების გამოწვევებზე. მაგრამ ჩვენ მეტი გვჭირდება. იმედი გვაქვს, რომ ნატოს ანგარიში “NATO 2030. United for a new era” მხედველობაში იქნება მიღებული. საქართველომ აჩვენა მისი შემართება საბოლოო მიზნის მიღწევის გზაზე, რაც არის ნატოში ინტეგრაცია და დაადასტურა ამ გზაზე მისი მდგრადობა ახალი გამოწვევების წინაშე. დრო მოვიდა მოკავშირეებისთვის მეტი სოლიდარობისა და სიმტკიცისთვის,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.