მთავრობამ ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა

ვაქცინაციის დანერგვისთვის საჭირო ეროვნული გეგმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.

ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, სწორედ ამ გეგმაშია გაწერილი, როგორ მოხდება ქვეყანაში ვაქცინის შემოტანა და შესაბამისად, ვაქცინაცია.

„დღეს ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მთავრობას წარედგინა „კოვიდ-19“-ის ვაქცინის ეროვნული გეგმა და შესაბამისად, დამტკიცდა.

თამარ გაბუნია დეტალურ პრეზენტაციას გააკეთებს, თუ რა მნიშვნელოვან პუნქტებს მოიცავს გეგმა. შესაბამისად, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, თუ რა არის ჩვენი ხედვა და როგორ მოხდება ვაქცინის შესყიდვა, ასევე, რომელი ტიპის ვაქცინები იქნება არჩეული და შემოტანილი საქართველოში. შემდეგ ჩვენი ცივი ჯაჭვების საშუალებით როგორ მოხერხდება სხვადასხვა ვაქცინის როგორც ლოჯისტიკა, ასევე მოსახლოების ფენებამდე მიტანა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველო ტექნიკურად მზადაა ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად და ვაქცინაციის დასაწყებად.