რა პირობებით შეძლებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით,  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების შემდეგ შეუძლიათ.

მისივე თქმით, კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებს, რეზიდენტებს და მათ, ვინც ტრანზიტულად შემოდის საქართველოში, ექნებათ შესაძლებლობა შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით. ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ,  მესამე დღეს მათ PCR ტესტის ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ.

“ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ნიშნავს ორ სრულ დოზას, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება უპირობოდ საქართველოში შემოსვლა. ვითვალისწინებთ იმას, რომ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ეს არის ჩვენი პირველი სამიზნე ჯგუფი, თუნდაც მწვანე აჭარაში ჩასაყვანად. რაც შეეხება არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებს და რეზიდენტებს ამავე ქვეყნებიდან და ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, ქვეყანაში ექნებათ შესაძლებლობა შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს ჩაიტარონ PCR ტესტი, ანუ ჩვენ აქ თვითიზოლაციის ვალდებულებას ვაუქმებთ, მათ ექნებათ შესაძლებლობა ქვეყანაში ჩაიტარონ მესამე დღეს PCR ტესტი, კომფორტულად შემოვიდნენ და იგრძნონ თავი საქართველოში”, — განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა ავიაკომპანიებს მიმართა, არ დაუშვან თვითმფრინავში უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, ვისაც ბოლო სამი დღის მანძილზე PCR ტესტის ნეგატიური პასუხი არ აქვთ, ან კოვიდვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ახლავს თან.