რუსეთი სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნებსა და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნულ ინციდენტებში რუსი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.

„მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასა და შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის აღკვეთაში რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარემოებების ასეთი შეფასება გამომდინარეობს ევროსასამართლოს ექსტერიტორიული იურისდიქციის კონცეფციიდან, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს საერთაშორისო სასამართლოს პოზიციას და საერთაშორისო სამართლის ზოგადად აღიარებულ წესებს,” – აღნიშნულია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წარმომადგენლისა და იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიხეილ გალპერინის თქმით, რუსულმა მხარემ შეძლო ევროპელი მოსამართლეების იმაში დარწმუნება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 2008 წლის 8-12 აგვისტოს მოქმედებების სამართლებრივი შეფასება სცილდება მათ იურისდიქციას.

”ქართული მხარე ცდილობდა დაემტკიცებინა, თუმცა წარუმატებლად, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია გამოიყენება არა მხოლოდ მშვიდობიან დროს, არამედ საბრძოლო მოქმედებების დროსაც, რაც ძირს უთხრის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ჩვენ შევძელით ევროპელი მოსამართლეების იმაში დარწმუნება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 2008 წლის 8-12 აგვისტოს მოქმედებების სამართლებრივი შეფასება სცილდება მათ იურისდიქციას. ასევე, სასამართლოს არ დაუდასტურებია რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების მიერ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევის არც ერთი შემთხვევა”, – განაცხადა მიხეილ გალპერინმა.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენი არ შეიცავს გადაწყვეტილებას ფულადი კომპენსაციის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.