“შემოსულია 136 შეტყობინება ტყისა და მინდვრის ხანძრების შესახებ”

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ​მეხანძრე-მაშველები მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად განაგრძობენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 04.01.2021 09:00 საათის შემდეგ, შემოსულია 136 შეტყობინება ტყისა და მინდვრის ხანძრების შესახებ. მათგან 116 ლიკვიდირებულია, სამი ლოკალიზებული, 17-ზე მიმდინარეობს აქტიური სალოკალიზაციო სამუშაოები. ამ დროისთვის ცეცხლის კერებთან იმყოფება 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 70-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

სამეგრელოში დაფიქსირდა 96 კერა, მათგან 84 ლიკვიდირებულია, სამი ლოკალიზებული, ცხრა კერაზე კი გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

იმერეთში დაფიქსირდა 26 კერა, მათგან 22 ლიკვიდირებულია, ოთხ კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

აჭარაში დაფიქსირდა ოთხი კერა, მათგან ორი ლიკვიდირებულია, ორ კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

რაჭაში-ლეჩხუმში დაფიქსირდა სამი კერა, მათგან ერთი ლიკვიდირებულია, ორ კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

გურიაში დაფიქსირდა შვიდი კერა, მათგან ყველა ლიკვიდირებულია“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. არც ერთ შემთხვევაში მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. სამეგრელოში დაფიქსირდა შემთხვევა სადაც ლიკვიდირებულ მინდორზე ხელახლა გაჩნდა ხანძარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ სასოფლო სამეურნეო სავარგულების გადაწვისგან, ეს საფრთხეს უქმნის როგორც ტყის მასივებს, ასევე საცხოვრებელ სახლებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მასშტაბით ხანძრების ქრობის საკოორდინაციო სამუშაოებში პირადად არის ჩართული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, მის მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და ადმინისტრირების სამმართველოს უფროს გიორგი გერგაულთან ერთად. ცენტრიდან, ვიდეო ზარების მეშვეობით ხდება ინფორმაციის დამუშავება და კოორდინაცია. სამეგრელოში, სადაც ყველაზე მეტი კერაა, იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, დავით სუხიშვილი მის მოადგილე ლაშა თვაურთან ერთად.