ინაშვილი: „ძერჟინსკი“ კობახიძე ბედნიერია იმის გამო, რომ არ ვარ პარლამენტში

მესმის, რომ „ძერჟინსკი“ კობახიძე ბედნიერია იმის გამო, რომ არ ვარ პარლამენტში. მინდა ვუთხრა, რომ ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ბედნიერება – ასე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

„მინდა, ვუპასუხო ამ იარლიყების მიკერების თემას, რაც არის მანკიერება ქართულ პოლიტიკაში. ბოლოს და ბოლოს უნდა დავამთავროთ პოლიტიკური იარლიყების მიკერების ასეთი უზნეო პრაქტიკა. მესმის, რომ „ძერჟინსკი“ კობახიძე ბედნიერია იმის გამო, რომ არ ვარ პარლამენტში. მინდა ვუთხრა, რომ ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ბედნიერება. აი, რა არის რუსული შემადგენელი, რაზეც ის საუბრობს, მე პარლამენტში საქართველოს ინტერესების დაცვაზე ვსაუბრობდი და ეს არის რუსული შემადგენელი? მე ვლაპარაკობდი მშვიდობაზე, შერიგებაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. ეს არის რუსული შემადგენელი? ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტში ვლაპარაკობდი იმაზე, რომ ქვეყანაში გვყავს მშიერი ბავშვები. ეს არის რუსული შემადგენელი? ვამბობდი, რომ ტყუილია,თითქოს ეკონომიკა იზრდება. ეს არის რუსული შემადგენელი? მე ვლაპარაკობდი საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვაზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე განცხადებით, ოთხი დეპუტატი პარტიას ვერ ქმნის და მათ “ქართულ ოცნებასთან” დებატებისთვის ბერკეტი არ აქვთ.

„მოახდინეს საარჩევნო კანონმდებლობის უზურპაცია, გააყალბეს არჩევნები და დღეს სახეზე გვაქვს უკანონო პარლამენტი, რომელმაც აირჩია უკანონო მთავრობა. ვითომ დასავლურმა „ქართულმა ოცნებამ“ დაანგრია საყდრისი, არ დაიცვა დავით გარეჯი და მხოლოდ საარჩევნოდ გაახსენდა. უვადოდ დატოვა მურუსიძე და არ გადაუდგამს არც ერთი დასავლური ნაბიჯი. მათ მრავალპარტიული პარლამენტის ნაცვლად, ჩვენ თავს მოგვახვია ერთპარტიული პარლამენტი და აღადგინა კომუნისტური პარტია.

ერთ პარტიას ეკუთვნოდა მაშინ ყველაფერი. ეგონათ, მათ ეკუთვნოდათ ცაც, დედამიწაც, ღრუბლებიც და ვარსკვლავებიც. დღეს ეს ჰგონია კობახიძესაც და ეს არის ტრაგედია. დღეს ვითომ დასავლური კობახიძე უკანონო პარლამენტიდან გვესაუბრება დასავლურ ღირებულებებზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.