წესები, რომლის დაცვითაც მოლები მუშაობას განაახლებენ

1-ლი თებერვლიდან მოლები მუშაობას განახლებული წესებით დაიწყებენ.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა განაცხადა, რომ ამოქმედდება როგორც მოსასინჯი ოთახები, ისე გადაცვლა-დაბრუნების სისტემა.

ამასთან, რეზო მაღალაშვილის თქმით, თუ ადრე ერთი ადამიანი 20 კვადრატულ მეტრზე დაიშვებოდა, ეს ფართი 10 კვადრატულამდე შემცირდა.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა ის, რომ 1-ლი თებერვლიდან ნამდვილად ვიხსნებით. ასევე, ადრე თუ იყო 20 კვადრატულზე ერთი ადამიანის დაშვება, ახლა 10 კვადრატულზე ერთი დაიშვება. ანუ, 2-ჯერ მეტი ადამიანის შეშვების უფლება გვეძლევა. გარდა ამისა, ადრე თუ გაუქმებული იყო გასახდელი ოთახები, ეს აღდგება და გადაცვლა-დაბრუნების შეზღუდვაც მოიხსნება.

ჯერჯერობით არ აღდგება შაბათ-კვირის ვაჭრობა. თუ სიტუაცია გვაჩვენებს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება უმჯობესდება, მაშინ ამის შესაძლებლობაც მოგვეცემა. ზუსტი თარიღი არ ვიცით, მაგრამ გვითხრეს, რომ ეს შესაძლოა, 1-ელ მარტამდეც მოხდეს. გააჩნია ეპიდ-ვითარებას“, – განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.