“2021 წლის ბოლომდე აცრილი უნდა იყოს მოქალაქეების 60 პროცენტი”

დღეს დამტკიცდება გეგმა, რომლის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების სულ მცირე 60 პროცენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან.

“მოგეხსნებათ, წინა მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ვაქცინაციის დანერგვისთვის საჭირო ეროვნულ გეგმაზე, დღევანდელი მთავრობის სხდომაზე ამ გეგმის დასრულების თაობაზე. ეს სამუშაო ჯგუფი შეიქმნა 15 დეკემბერს, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო ყველა დაინტერესებულმა მხარემ, ექსპერტებმა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, დარგის სპეციალისტებმა, ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა, სახალხო დამცველმა და დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ და დავამტკიცოთ ეს გეგმა, რომლის ძირითადი მიზანი საბოლოო ჯამში გახლავთ, რომ 2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების სულ მცირე 60 პროცენტი. თუმცა, ამ ძირითად მიზანთან ერთად ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გეგმის ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის ეტაპობრიობას და იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპების მიხედვით უნდა იყვნენ აცრილი.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე, ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ. რა თქმა უნდა, ესენი იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60-დან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტექნიკურად საქართველო მზად არის ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად.

„გეგმის შემუშავებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, საქართველო ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან გაწევრიანებულია „კოვაქსის პლატფორმაში“, რომელიც გულისხმობს ვაქცინის მოწოდებას ქვეყანაში. საქართველომ განაცხადა 5-6 თვის წინ ამ პლატფორმაზე თავისი მიზანი, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანაში მოწოდებული იყოს მილიონ ნახევარი ვაქცინა. ჩვენ უკვე ფინანსური რესურსიც გადავრიცხეთ და მთავარი მიზანია ახლა, რომ ტექნიკურ დონეზე ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად ამ მოცულობის ვაქცინაციის ჩასატარებლად ერთი წლის განმავლობაში. დღეს ტექნიკურად საქართველო მზად არის ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ცივ ჯაჭვს და ნებისმიერი ტემპერატურის აუცილებლობის პირობებში საქართველოს შეუძლია, ეს ვაქცინა მიიღოს. როგორც ტექნიკურად, ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით, ეს გეგმა სრულად პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს და ფაქტობრივად, მზად ვართ, ეს ვაქცინაცია დავიწყოთ.

მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებას ორმხრივ რეჟიმში მწარმოებელ კომპანიებთან, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, საქართველოში მოხდება მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც ავტორიზებული იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ეს არის პრინციპული პოზიცია, როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი ევროპული პარტნიორების და ეს არის რაც მთავარია, ძირითადი ზრუნვა მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.