2021 წლის 14 იანვარს აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმზე ხელმოწერა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების (5G) განვითარების მიმართულებით.
მემორანდუმის თანახმად, 5G იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქსელი გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკას.
მემორანდუმის ხელმოწერით, საქართველო მიუერთდა „ქლინ ნეთვორქის” ინიციატივას, რაც უზრუნველყოფს: სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვას და ეროვნულ უსაფრთხოებას.