BUS Lane-ზე კერძო ავტომობილებით მოძრაობა დაშვებული იქნება

დედაქალაქის მერია აცხადებს, რომ ძალაში რჩება წინასაახალწლო დღეებში მიღებული გადაწყვეტილება – ავტობუსების სავალ ზოლებში კერძო ავტომობილების მოძრაობის დაშვების თაობაზე.

9 იანვარს გავრცელებული განცხადების თანახმად, მძღოლები BUS Lane-ზე მოძრაობისთვის არ დაჯარიმდებიან და ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებამდე.

„გასული წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დაუშვა, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც გარკვეულწილად, ტრანსპორტის ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს, კვლავ ძალაში რჩება და კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლებამდე, ე.წ. ბასლეინებში მოძრაობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან“ – აცხადებს თბილისის მერია.

დედაქალაქის მერია აცხადებს, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფუნქციონირება განახლდება იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სპეციალისტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით.