NCDC-ის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, თუ რა კრიტერიუმით გადაანაწილებს კოვაქს პლატფორმა fizer-ის ვაქცინის მილიონამდე დოზას.
მისივე ინფორმაციით, ვაქცინა 51 დაბალ და საშუალოდ განვითარებულ ქვეყნებზე უნდა გადანაწილდეს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია რა კრიტერიუმით მოხდება მისი გადანაწილება და კონკრეტული ქვეყნების შერჩევა.
“დღეს ველოდებით ჩვენ, რომ იქნება გადაწყვეტილება. fizer-ის ვაქცინის დაახლოებით, მილიონამდე დოზა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, განთავსებულია კოვაქს პლატფორმაზე, რომელიც უნდა მიეწოდოს და გადანაწილდეს 51 დაბალ და საშუალოდ განვითარებულ ქვეყნებზე.
როგორც მაქვს ინფორმაცია, სერიოზული მსჯელობა მიდის და გვეცოდინება ამ დღეებში, რომელ ქვეყნებს შეარჩევენ ამ 51 ქვეყნიდან. საქართველო აკმაყოფილებს იმ ყველა პირობას, fizer-ის ვაქცინის ლიმიტირებული დოზების მიღების.
ველოდებით გადაწყვეტილებას – თანაბრად გადანაწილდება 51 ქვეყანაზე, თუ შეირჩევა მაღალი გავრცელებითა, თუ მზადყოფნის კრიტერიუმებით. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება უახლოეს ხანში გვეცოდინება,”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.