“ბარს კიდევ ბევრს გავხსნი”: ზურა ჯაფარიძის ბართან პოლიციაა მობილიზებული

ზურაბ ჯაფარიძის ბართან პოლიციაა მობილიზებული. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს დალუქულ ბარში შესვლა და დაწესებულების გახსნა სურდა, თუმცა პოლიციამ მას ამის უფლება არ მისცა.

როგორც ზურა ჯაფარიძე ამბობს, ის მიზანმიმართულად არღვევს კანონს, რადგან თვლის, რომ არსებული რეგულაციები ადამიანების უფლებებს ზღუდავს.

„ზუსტად არ ვიცი, დამაჯარიმეს თუ – არა, ზეპირად მითხრეს, დღემდე არ ვიცი არაფერი. ფურცელი მე არ ჩამიბარებია. გუშინ წინ ღამე მითხრეს, რომ 2 000 ლარით დაჯარიმდიო, უკანონო კომერციული საქმიანობის გამო. ამ ბარის მუღამი არის ის, რომ ვაპროტესტებ ამ შეზღუდვებს. ცხადია, ამიკრძალავ სიცოცხლეს, სიცოცხლე გახდება უკანონო. გუშინ მოვიდა პოლიცია დამილუქეს ბარი. ჩემთვის ეს პროტესტია და მოვედი, რომ გავხსნა ბარი და ამ ბარს გავხსნი, თუ არ გამაკავეს. პოლიცია დგას და არ მაძლევს შესაძლებლობას, რომ დავარღვიო კანონი. მეუბნებიან, არ დამარღვევინებენ და პრევენციისთვის არიან აქ. ჭიდაობას არ ვაპირებ, უბრალოდ ღამე მოვალ, რაღაცებს ვიზამ. ბარს კიდევ ბევრს გავხსნი, არ არის პრობლემა. არც ერთი ფურცელი არ მაქვს ჩაბარებული არც ჯარიმის, არც ოქმის. ჰიპოტეტურად სადღაც არის ოქმი. მაინტერესებს, რამდენ ხანს იდგებიან აქ. ორი განყოფილების პოლიცია დგას. ვარღვევ რეგულაციებს, ეს არის პოლიტიკური პროტესტი, აკრძალვებზე არდამორჩილება. არც ვმალავ ამას. ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და უკრძალავენ გადაადგილებას, მუშაობას, რესტორანში წასვლას, 21:00 საათის შემდეგ გასვლას, ამ ადამიანებს მინდა, გავაგებინო, რომ ასე მორჩილება რეგულაციების პაკეტზე, რაც სულ ტყუილად მიიღეს, ჩვენს უფლებებს ლახავს. პროტესტის მთელი აზრი არის, რომ ჩემი შვილები არ უნდა დავტოვო ასეთ ქვეყანაში. კანონს ვარღვევ მიზანმიმართულად“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძეს აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო ჯერ 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა,  განმეორებითი შემთხვევის გამო კი აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მისი ბარი დაილუქეს.