დაუმორჩილებლობის აქციაზე მყოფ 19 პირზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო

დაუმორჩილებლობის აქციის წევრ აქტივისტებზე, რომლებსაც საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვა სხვა დროსაც აქვთ დარღვეული, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 19 პირის მიმართ დაწყებულია გამოძიება გადაადგილების აკრძალვის განმეორებით დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლით.

აღნიშნული მუხლი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევას ეხება და ისჯება შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით.

“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ან/და ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.”, -წერია კოდექსში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  დაუმორჩილებლობის აქციაზე 51 პირია იდენტიფიცირებული. უწყების ცნობით,  აქედან 8 ადამიანი 2 000 ლარით დააჯარიმეს გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის გამო, 24 პირზე კი დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

აქტივისტები  ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. სამოქალაქო აქტივისტებმა და ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა თბილისში ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია 7 თებერვალს გამართეს.

მოქალაქეები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ, როგორც კომენდანტის საათის მოხსნას, ასევე, ბიზნესის სხვადასხვა სფეროს სრულად აღდგენას.