თალაკვაძე ოპოზიციაზე: მათ საზოგადოებას უთხრეს, ჩვენ მუშაობა არ გვინდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის,  არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციას, რომელიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, არ სურს იყოს ოპოზიცია. ამის შესახებ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს დემოკრატიული სისტემებისთვის ანომალია.

“პარლამენტის ბოიკოტირებით მათ საზოგადოებას უთხრეს: დიახ, თქვენ მოგვეცით ხმა, მაგრამ ჩვენ მუშაობა არ გვინდა! არ გვინდა მონაწილეობა და ოპოზიციაში ყოფნა, თუმცა, გვინდა დაფინანსება და მზად ვართ, თქვენი გადასახადები დავხარჯოთ. ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. გვესმის განცხადებები, რომ ცვლილებები საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით უნდა მოხდეს. ეს მიუღებელია – ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ! ძალადობაზე სახელმწიფოს იგივე რეაქცია ექნება, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულებას აქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, პარლამენტმა უკვე შექმნა საპარლამენტო საბჭოები, მათ შორის, ბავშვის უფლებათა დაცვის, ღია მმართველობის და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოები.

„ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ამ ფორმატებში საპარლამენტო საქმიანობას, ვგეგმავთ უახლოეს მომავალში შეხვედრას საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორთან, რათა ყველა სექტორული მიმართულებით განვიხილოთ მათთან სამომავლო გეგმები და შესაბამისად, მათი ძალისხმევაც იყოს ეფექტურად კოორდინირებული. მსურს, მადლობა გადავუხადო მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრებს, მათ შორის, არაერთი დღეს იმყოფება მეათე მოწვევის პარლამენტშიც, ვინაიდან გასული წლის ანგარიში და შესრულებული სამუშაო მათი ძალისხმევითაც მოხდა, თუმცა, კიდევ ერთხელ მსურს მივმართო ჩვენს საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ხელისუფლება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი დღეს არის მომავალზე ორიენტირებული როგორც არასდროს. პანდემიას ჩვენ, მსოფლიოსთან ერთად, აუცილებლად დავამარცხებთ, მაგრამ მთავარია, ის ხედვა და განვითარების გეგმა, რომელიც პოსტ პანდემიურ პერიოდში ჩვენს ხელისუფლებას გააჩნია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი შეასრულებს საკუთარ ფუნქციას როგორც საკანონმდებლო, ისე საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით.

„ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პროაქტიულ და პოზიტიურ დღის წესრიგზე გადავერთოთ და ჩვენი ქვეყნის მთავარი ამბები ყოველდღიურად იყოს თუ რა კეთდება, თუ როგორ ვპასუხობთ პრობლემებს, თუ როგორ ვაგვარებთ იმ საკითხებს, რისთვისაც თითოეული თქვენგანი საზოგადოებამ აირჩია. დეტალური ასგვერდიანი ანგარიში უკვე გამოქვეყნებულია და ნებისმიერ ჩვენს თანამოქალაქეს შეუძლია დაწვრილებით ნახოს ის ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა და რის გაკეთებას ვგეგმავთ მომავალში, ჩემი სათქმელი დღეს ეს იყო“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.