“თუ გვინდა, რომ იმოძრაოს ტრანსპორტმა, ბავშვებმა სკოლაში იარონ, იარსებოს ბიზნესი, ხელფასები არ დაკარგონ ჩვენმა თანამოქალაქეებმა – თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული საავადმყოფოებში არ მოხვდნენ ჩვენი მოქალაქეები.”-ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნილოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად ქვეყანა უზარმაზარი რისკის ქვეშ დგება და საზოგადოებამ რეკომენდაციები ზედმიწევნით უნდა დაიცვას.
“პირბადე ერთადერთი საშუალება რჩება, სხვას ყველაფერს ვხსნით. უზარმაზარი რისკის წინაშე ვდგებით. იმ რეკომენდაციებსაც უნდა დაცვა, როგორიცაა დისტანცია, ტრანსპორტში ქცევა. ბიზნესის წარმომადგენლებს უნდა ვთხოვოთ, რომ აუცილებლად გააკონტროლონ. რამდენიმე მაღაზიაა ჩემ ირგვლივ, სიცხეს ზომავდნენ, დეზობარიერი იყო. ბოლო ერთ კვირაა ტემპერატურას არავინ მიზომავს. თუ ასე გაგრძელდა, აპრილის ბოლოდან იქნება მესამე ტალღა.
ქვეყანამ უნდა მოახერხოს მოთხოვნის შესაბამისი ვაქცინების შემოტანა. საზოგადოებას გარკვეული იმუნიტეტი აქვს, დაახლოებით 20%-მდე, დაახლოებით 60% თუ დაემატა, საზოგადოების 80%, რომელიც ანტისხეულებს ატარებს, გარანტიაა იმის, რომ ჩვენ ქვეყანაში ცხოვრებაში შეიძლება, პირვანდელ ყოფას დაუბრუნდეს”-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.