პროკურატურა მელიას პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავს

პროკურატურა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, სასამართლოს დღესვე მიმართავს,- ამის შესახებ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა,  ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ეხება და ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოში შესაბამის შუამდგომლობას დღესვე წარადგენს.

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გათვალისწინებულია სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა, რისი უფლებამოსილებაც გააჩნია ბრალდების მხარეს. შესაბამისად, დღესვე ბრალდების მხარე უზრუნველყოფს შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენას თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვინაიდან საკითხი ეხება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას. კანონმდებლობის თანახმად, სასამართლომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა ჩანიშნოს შესაბამისი სასამართლო სხდომა, სადაც მოხდება მხარეთა არგუმენტების მოსმენა“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა პარლამენტის მიერ ნიკა მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ.

საქართველოს პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ გენერალურ პროკურორს თანხმობა მისცა, სასამართლოს მიმართოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.