მეუფე იაკობი: არავინ უნდა გაიფხოროს, დაილაპარაკონ და დიდი შერიგება მოხდეს

„შეიძლება ევროპისთვის პოლიტპატიმარი იყოს, მაგრამ კაცი იმას უნდა ფიქრობდეს, ქვეყნის მომავალს რა მოუვა. კიდე კაი ეკლესიას ძალა გვაქვს და არ ვაჩხუბებთ ახლა, რაც არ უნდა მოინდომონ შეგვიძლია შუაში ჩავდგეთ,”- ასე პასუხობს მეუფე იაკობი მედიის წარმომადგენლების კითხვას ნიკა მელიას დაკავებასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშრებით.

როგორც მეუფე ამბობს, პარტიებს ერთმანეთში პოლიტიკური ბრძოლა აქვთ. მისივე თქმით, ოთხ წელზე მეტი საქართველოში არცერთი პოლიტიკური ძალა არ უნდა გაჩერდეს.

„შეიძლება ევროპისთვის პოლიტპატიმარი იყოს, მაგრამ კაცი იმას უნდა ფიქრობდეს, ქვეყნის მომავალს რა მოუვა. კიდე კაი ეკლესიას ძალა გვაქვს და არ ვაჩხუბებთ ახლა, რაც არ უნდა მოინდომონ შეგვიძლია შუაში ჩავდგეთ. ვუყურებ და სამარცხვინო რამეები ხდება, გავიაროთ რუსთაველზე, თბილისელები არიან თუ კონკრეტული რაიონებიდან ჩამოყვანილები, ხო ვიცით, როგორ ჩამოჰყავთ ხალხი, ახლა რომ ვთქვათ ფულს უხდიან ამდენს და ამდენსო, დაიწყებენ არ ვაკეთებთო. როცა ასე მძიმე სიტუაციაში ვართ და ჩვენი მეგობრები გვეუბნებიან რომ რაღაც მოილაპარაკეთ, გამოსავალს რაში ვხედავ გეტყვით – თუ კანონმდებლობა არ შეიცვალა და საარჩევნო არა, საარჩევნო არის ძალიან მცირე რაღაც, მთავარია სამართალდამცავი სტრუქტურა და სასამართლო, უნდა მოხდეს ეტაპობრივად და წყნარად. 20%-ზე მეტი დაკარგე ცოტა ხნის წინ, რა ააშენე და რა არა, სულ არ მაინტერესებს, იმოდენა ტერიტორია დაკარგული გაქვს, ჩვენც გვიკითხე რა, საყვედურს არ გეუბნებით, იმიტომ რომ რუსეთის იმპერიაა, კიდე რომ მოხვიდე კიდე 20-ს დათმობ და მერე კიდე მეტყვი კიდე მე მოვალო და წადი დაისვენე, ყველა ძალამ დაისვენოს. მე ვფიქრობ, რომ 4 წელზე მეტი არც ერთი ძალა აღარ უნდა გააჩერო საქართველოში.“- აცხადებს მეუფე იაკობი.

მეუფე ხელისუფლებას და ოპოზიციას სთავაზობს, რომ ეკლესია იყოს ის ადგილი, სადაც მხარეები შეთანხმებას შეძლებენ.

„თუ გამოვიდა, თვითონ ის ლიდერები დაასამარებენ ნიკა მელიას, სჯობს და კიდევ ერთხელ ვთავაზობ, შენდობას ვითხოვ და ცუდ შედარებას ვიტყვი – არავინ უნდა გაიფხოროს, მოვიდნენ, დაილაპარაკონ და დიდი შერიგება მოხდეს, თორემ არაფერი გამოვა. მასშტაბურ აქციებზე ვერ გადავა საქმე, რადგან ხალხის განწყობა ვიცი, სამწუხაროდ, ბევრს გაუხარდა დაჭერა, ნიკასი კი არა, ვინც არ უნდა ყოფილიყო იქით მხარეს. აგრესია აქვს ხალხს, მაგრამ ბევრს ეტკინა, ოჯახს ხომ ეტკინა. ჩემთვისაც მძიმეა, ადამიანს რომ იჭერენ, თან არ ვარ ცუდი შეხედულების არავისზე, შეიძლება საქმით ჩვენც ვაკეთებდეთ ბევრ ცუდს და მერე შევინანოთ. ცალკე მსოფლიო მოთხოვს, დაელოდება გადაიხდის თუ არა და თუ არ გადაიხდის, უკვე რა გამოდის – მანამდე პარლამენტში არ შეხვედი, ძალიან ცუდად უყურებდნენ ამას“, – განაცხადა იაკობმა.